შრომის ინსპექციის სამსახური კომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სოციალური ქსელის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა ცნობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით, იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს და, მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიეტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით, ახდენს სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია აცრცელებს.

მათივე ცნობით, ინსპექციის სამსახურში შესულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელების თაობაზე, რაც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ რეაგირებას. “შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს’’ კონტროლს დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას.

ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპეტორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები