“რატომ უნდა იყოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, როცა არსებობს ციხის საავადმყოფო?” – შალვა პაპუაშვილი

“რატომ უნდა იყოს სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, როცა არსებობს ციხის საავადმყოფო? თითქოს ამით ავიწყებენ საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მსჯავრდებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო სერვისები სააკაშვილს მსჯავრის მოხდის პარალელურად უნდა მიეწოდებოდეს.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავისი, ევროპული სტანდარტის ინსტრუქცია აქვს, თუ როგორ უნდა იმართოს მოშიმშილე პატიმარი. ეს ინსტრუქცია 2013 წელს არის დამტკიცებული. ეს არ არის შიმშილობის პირველი შემთხვევა სასჯელაღსრულების სისტემისთვის და მათ იციან ამის მართვა. შესაბამისად, როდესაც როცა სამედიცინო ნაწილზე ვსაუბრობ, მათ აღარ რჩებათ არგუმენტი. გასაგებია, რომ სტაციონარული განთავსება უნდა მოხდეს ციხის დაწესებულებაში. რატომ უნდა იყოს ის სამოქალაქო საავადმყოფოში, როცა არსებობს ციხის საავადმყოფო? თითქოს, ამით ავიწყებენ საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მსჯავრდებული. სამედიცინო სერვისები მას უნდა მიეწოდებოდეს მსჯავრის მოხდის პარალელურად. ასევე იყო საუბარი რაღაც აპარატურაზე, თუმცა, არსებობს მობილური დანადგარები. თუ საჭირო გახდება, გადაიყვანენ სადმე, კვლევას ჩაუტარებენ და ისევ დააბრუნებენ. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები