მილიარდერები ე.წ.მილიარდერების გადასახადის წინააღმდეგ – შეერთებულ შტატებში ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ

ამერიკელ მილიარდერებს შესაძლოა, არარეალიზებული აქტივების გადასახადის გადახდა მოუწიოთ, რომ მოხდეს ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული კანონის დამტკიცება სოციალური პოლიტიკისა და კლიმატის ცვლილების სფეროში.

ასეთი წინადადება სენატის საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რონ უაიდენმა წარადგინა.

ე.წ. მილიარდერების გადასახადი არის ორეტაპიანი საკანონმდებლო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ასევე ითვალისწინებს კორპორატიული გადასახადის მინიმალურ განაკვეთს 15 პროცენტის ოდენობით, ყველაზე მომგებიანი ამერიკული კორპორაციებისთვის.

უაიდენი და სხვა კანონმდებლები, მათ შორის, დემოკრატი სენატორი, ელიზაბეტ უორენი აცხადებენ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს გადასახადებისგან თავის არიდებას და შეიძლება, ასობით მილიარდი დოლარი მოიზიდოს, 1,5 ტრილიონი დოლარიდან  2 ტრილიონ დოლარამდე, ფისკალური პაკეტის გადასახდელად.

თეთრი სახლი მხარს უჭერს მინიმალური კორპორატიული გადასახადის შემოღებას, რომელიც დაკავშირებული იქნება გლობალურ განაკვეთთან, რომელიც შეთანხმებულია 136 ქვეყნის მიერ.

ე.წ. მილიარდერების გადასახადი, რომელიც ძალაში შევა 2022 წლის საგადასახადო წლიდან, გავლენას მოახდენს, დაახლოებით,  გადასახადის 700 გადამხდელზე, რომელთა ქონება 1 მილიარდ დოლარს აღემატება, ან წლიური შემოსავალი 100 მილიონ დოლარზე მეტია ზედიზედ სამი წლის განმავლობაში.

ე.წ.მილიარდერთა გადასახადს Tesla-ს ხელმძღვანელი, ილონ მასკი გამოეხმაურა.

”მათ ეწურებათ სხვისი ფულები და მოდიან თქვენთან. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის უკეთესი კაპიტალის განაწილებაში: მთავრობა თუ მეწარმეები”, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.

მილიარდერმა, ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა გეგმას მხარი დაუჭრა.

ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი თქვა, „რომელი ქვეყანა მიიღებს ყველაზე დიდ სარგებელს „მილიარდერების გადასახადიდან“, სიმდიდრეზე გადასახადით? სად გადასახლდებიან მდიდარი ადამიანები და კომპანიები, რომლებიც შეერთებულ შტატებს ბედის ანაბარა დატოვებენ? ბევრ მათგანს, ასე თუ ისე, არ სჭირდება ქვეყანაში დარჩენა. მე ვიცი ბევრი ქვეყანა, რომელსაც გონივრულად მართავენ და ისინი აღფრთოვანებით უყურებენ იმას, რასაც რადიკალური მემარცხენე გიჟები აკეთებენ კონგრესში. მაინტერესებს, მომცემენ თუ არა უფლებას, კვლავ ვიყარო კენჭი არჩევნებში, თუ სხვა ქვეყანაში გადავალ? თუმცა, მე ალბათ აქ დაველოდები, მაგრამ უმეტესობა ამას არ გააკეთებს!”, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები