ნიკოლოზ სამხარაძე: უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც ოპონენტების მხრიდან მოედინება
„ეს არის დამაგვირგვინებელი ღონისძიება, შესაბამისად, შევაჯამებთ საარჩევნო კამპანიას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, რამდენად ერთიანია ქართველი ხალხი”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ დღევანდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
სამხარაძის თქმით, მმართველ გუნდში აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნების მეორე ტურში მათი კანდიდატები გაიმარჯვებენ.
„ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დამაგვირგვინებელი ღონისძიება, შესაბამისად, შევაჯამებთ საარჩევნო კამპანიას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, რამდენად ერთიანია ქართველი ხალხი და რამდენად ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, ევროპული ინტეგრაცია და ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მიმართული თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე. უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც მოედინება ოპონენტების მხრიდან და მომავალი 3 წლის განმავლობაში განვითარების გზით ვიაროთ. გვაქვს მოლოდინი, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ეს იქნება რიგით მე-8 გამარჯვება ბოლო 9 წლის განმავლობაში“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი შეკრება თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.