ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაზრდილია

მსოფლიოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებული კოვიდვითარება შეცვლილია. თუ ბოლო პერიოდში გლობალური მასშტაბით ფიქსირდებოდა კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის კლება, 18-24 ოქტომბრის პერიოდში სურათი პირიქით, შეიცვალა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი, ამ პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 2 940 336 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 11-17 ოქტომბრის კვირასთან შედარებით 4%-ით მეტია.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ლეტალური შემთხვევების რიცხვი. 18-24 ოქტომბრის პერიოდში მსოფლიოში ვირუსს 49 413 პაციენტი შეეწირა, რაც 11-17 ოქტომბერთან შედარებით 5%-ით მეტია.

აღინიშნება, რომ ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, სადაც ერთ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი 18%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ჯანმო-ს დანარჩენ 5 რეგიონში ვითარება გაუმჯობესებულია. კერძოდ, განსაკუთრებული კლებაა აფრიკაში 21%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში  – 17%-ით.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში გარდაცვალების სტატისტიკაა გაზრდილი ევროპის რეგიონში 14%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 13%-ით. ამასთანავე, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 16%-ით; აღმოსავლეთ-ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 13%-ით და აფრიკაში  – 11%-ით.

ჯანმო-ს ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეინიშნება 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით, ევროპასა და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში, რაც, მათი აზრით, შეიძლება, აიხსნებოდეს იმით, რომ მაღალი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები უკვე აცრილები არიან, ასევე,  ახალგაზრდებს ერთმანეთში მეტი კონტაქტი შეიძლება, ჰონდეთ, განსაკუთრებით, სწავლის პერიოდში.

ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში დაავადების მძიმე მიმდინარეობა ძალიან დაბალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები