“კანის ლაზერი”, “მუცლიდან ცხიმის ამოღება”, “გასახდომი პროცედურები” – რაში ხარჯავდა სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომ ფუფუნების საგნებითა და ძვირადღირებული პროცედურებით იყო დაინტერესებული, ახალი ამბავი არ არის. არც ვოიაჟებში ხარჯავდა ნაკლებს და თანმხლებ პირებთან ერთად ხელგაშლილად, თანაც უკანონოდ ფლანგავდა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამას “კვირას” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული არაერთი დოკუმენტაცია ცხადყოფს.
გთავაზობთ ამ დოკუმენტების სქრინებს, სადაც ნაჩვენებია, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ სახელმწიფო თანამდებობის პირებსა და მაღალჩინოსნებს მასპინძლობდა ძვირადღირებულ მივლინებებში, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების მოგზაურობებიც, პირადი ექიმებისა და ექსპრეზიდენტთან დაახლოებული პირების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თუ სასტუმროს ხარჯებიც ჩვენი მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან იფარებოდა.
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის აგვისტოში დაუსწრებლად წარუდგინა. საუბარია 8 მილიონ 837 ათას 461 ლარზე.
საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის შემდეგ პირველ ოქტომბერს სააკაშვილი თბილისში დააკავეს. ის უკვე ციხეშია. მის წინააღმდეგ კვლავ მიმდინარეობს რამდენიმე საქმის წარმოება, თუმცა, იმ საქმეებზე, რომელთა შესახებაც სასამართლოს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის და პროტესტის ნიშნად 26-ე დღეა, შიმშილობს.