ევროპის დაავადებათა ცენტრი ქვეყნებს გრიპის მოსალოდნელ მძიმე სეზონზე აფრთხილებს

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) ქვეყნების მთავრობებს გრიპის მძიმე სეზონის შესახებ აფრთხილებს, რომელიც პანდემიასთან ერთად შეიძლება, ჯანდაცვის სისტემებს დამატებითი სიმძიმით დააწვეს.

ამის შესახებ Politico წერს.

ECDC-ში აცხადებენ, რომ ხორვატიაში გრიპის ცირკულაციამ “ნაადრევად” გადალახა სეზონური ბარიერი.

ამავდროულად, წლევანდელ სეზონზე გრიპის მეტად გავრცელებული შტამი – A (H3N2) უფრო მეტად მოქმედებს ხანდაზმულებზე და ასოცირდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის დაქვეითებასთან.

როგორც ECDC-ის გრიპის პროგრამის ხელმძღვანელმა, პასი პენტინენმა თქვა, “ამ ქვეტიპის ადრეული გამოვლენა მიუთითებს იმაზე, რომ მომავალი გრიპის სეზონი შეიძლება, სერიოზული იყოს.”

ცენტრში აღნიშნავენ, რომ პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა გასული წლის გრიპის სეზონზე თითქმის აღმოფხვრა დაავადების გავრცელება ევროკავშირში. ასევე, გრიპის წინააღმდეგ ეფექტური იყო ისეთი ზომები, როგორიცაა ნიღბები და დისტანცია.

პენტინენმა ასევე თქვა, რომ “კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უზრუნველყოფს დაავადების მძიმე ფორმებისგან დაცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და მოხუცთა თავშესაფრებში მომუშავე ადამიანებისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები