რა საკითხებზე იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს, რომელიც საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიან საბიუჯეტო პროცესში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად ახორციელებს საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ პროცესის სრულყოფისთვის დარჩენილია ორი სეგმენტი, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით სახელმწიფო სექტორს მიეკუთვნება, მაგრამ ქართული კანონმდებლობით ინტეგრირებული არ არის ერთიან საბიუჯეტო პროცესში, ესენია: საჯარო სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.

წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საჯარო სკოლებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხაზინის ერთიან სისტემაში სრულყოფილად ინტეგრირებას 2024 წლის 1 იანვრიდან.
„საბავშვო ბაღების გაერთიანებები სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზეა, გარდა თბილისისა. თბილისში თითოეული ბაღი დამოუკიდებელი იურიდიული პირია. ასევე საჯარო სკოლები. ყველა სკოლა არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი და საჯარო სკოლებიც ჯერ-ჯერობით არ არიან გადმოსული ხაზინის მომსახურებაზე.

ჩვენ გვინდოდა რომ 2022 წლის 1 იანვრიდან ყოფილიყო გადმოსული ყველა ეს ორგანიზაცია, თუმცა პანდემიამ არ გახადა შესაძლებელი რომ სათანადო ტრეინინგები ჩატარებულიყო, ამიტომ, გადავწიეთ ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე. მანამდე ჩვენ შეგვეძლება ეტაპობრივად გადმოვიყვანოთ აღნიშნული ორგანიზაციები სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ცვლილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები