შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია – მარიამ ჩახვაშვილი

შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია, რადგან საბოლოო მომხმარებელი ხარისხის გაუმჯობესებას მიიღებს, – ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის” ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა და სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი თქმით, მთავარი ფაქტორი, რითაც ტარიფის ზრდა აიხსნა არის ინვესტიციების გეგმის ზრდა.

“ინვესტიციები უნდა წავიდეს ქსელისა და ქვესადგურების რეაბილიტაციისკენ, გამრიცხველიანებასა და მთელი ქსელის მოწესრიგებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. წლების განმავლობაში ვიღებდით მდგომარეობას, როდესაც მხოლოდ რეაბილიტაცია და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების პროცესი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება, რადგან ქსელში დანაკარგიც ნაკლები იქნება და გათიშვები და ძაბვის ნაკლებობაც შემცირდება.

შესაძლებელია გაეკეთებინათ (ტარიფის) უფრო ნელი ტემპით ზრდა და უფრო დიდ თანხაზე ასულიყო 5 წლისთავზე, მაგრამ, რადგან ერთბაშად მოხდა ეს ზრდა – ახლა ვიცით, რომ გარკვეული პერიოდი აღნიშნული ტარიფი არ შეიცვლება”, – აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 4-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები