მძიმე ეპიდვითარება ლიეტუვასა და რუმინეთში – პოლონეთი მეზობლებს დაეხმარება

პოლონეთი ლიეტუვასა და რუმინეთს კოვიდპაციენტების მკურნალობაში დაეხმარება, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნეძელსკიმ.

როგორც მინისტრმა PAP-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ვარშავას დახმარების თხოვნით რუმინეთმა და ლიეტუვამ მიმართეს.

„რუმინეთმა და ლიეტუვამ სამედიცინო დახმარების თხოვნით მოგვმართეს. მათთან ექიმების რამდენიმე ჯგუფს გავაგზავნით. გარდა ამისა, ხუთშაბათს რუმინეთიდან პირველ მძიმე ავადმყოფებს საჰაერო გზით მივიღებთ, შემდეგ ნაკადს – პარასკევს. მათ ლოძის საავადმყოფოში მოათავსებენ. პოლონელი ექიმები ყველაფერს გააკეთებენ ამ ადამიანების გადასარჩენად”, – თქვა ადამ ნეძელსკიმ.

მან ასევე დაუშვა ალბათობა იმის, რომ პოლონეთშიც გამკაცრდეს კოვიდშეზღუდვები, თუ ოქტომბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი 7 ათასამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, ნეძელსკიმ თქვა, რომ ქვეყანაში აღმოჩენილია “დელტა” შტამის ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთშია გამოვლენილი და რომელიც თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავდება იმით, რომ 10-15%-ით მეტად გადამდებია.

ევროპის დაავადებათა ცენტრის მონაცემით, ბოლო 14 დღის განმავლობაში რუმინეთში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის ათას შეადგენს; ლიეტუვაში 1163-ია, ლატვიაში კი – 1256.

პოლონეთში, სადაც ეპიდემია ძალას ისევ იკრებს, მაჩვენებელი, ჯერჯერობით, 78 ინფიცირებულს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები