კახა კალაძე ვარკეთილის ხევში არსებული პარკის განახლების სამუშაოებს გაეცნო

ვარკეთილის ხევში საქალაქო პარკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პარკის მოწყობის სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, პარკი ოთხ ჰექტარზე ეწყობა.

„ამ ტერიტორიაზე იყო გაუსაძლისი მდგომარეობა – არანაირი ინფრასტრუქტურა, ტალახი, წვიმიან ამინდში უბრალოდ გადაადგილება იყო შეუძლებელი. პროექტის განხორციელებით, ძალიან კარგი პარკი გამოდის. კვარტლებს ექნებათ ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა და ეს მწვანე სივრცე აქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება. ძალიან მჭიდროდ დასახლებული უბანია, ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მსგავსი სივრცის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველაფერია გათვალისწინებული – პანდუსები, თავისი გადმოსახედებით, განათებისა და სარწყავი სისტემების მოწესრიგება, ხე-მცენარეების განთავსება. სამუშაოები დეკემბრისთვის დასრულდება.

მინდა, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, რადგან არსებობდა კონკრეტული ტერიტორიები, შემოღობილი ჰქონდათ, შეიძლება უკანონოდ, მაგრამ წლების განმავლობაში იყენებდნენ. აღნიშნული ტერიტორიები ყველამ დათმო ამ სიკეთისთვის, რათა მწვანე სივრცე ყველამ გაინაწილოს და გამოიყენონ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს საფეხმავლო პანდუსის, ამფითეატრის, სკეიტპარკის, ტრიბუნების, ფანჩატურების, შადრევნის, ველობილიკის, საფეხმავლო ბილიკების და კიბეების, სარწყავი სისტემის, სანიაღვრე სისტემის, განათების ქსელის, საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, დასრულებულია ქვეითთა ხიდის, გადმოსახედისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

პარკის პროექტით, არსებული ბუნებრივი რესურსების, მწვანე ნარგავების შენარჩუნება და გარემოში მინიმალური ჩარევით თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყოფა.

მიმდინარე სამუშაოების გარდა, დაგეგმილია მოსასვენებელი სივრცეების, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნების, ატრაქციონების, სპორტული მოედნების, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცის მოწყობა.

პარკის ტერიტორია შეივსება ახალი მწვანე ნარგავებით და მდელოს სახით გაჩნდება საპიკნიკე არეალები.

პროექტი ინკლუზიურია და გათვლილია როგორც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები