ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების გეგმურად შემოწმებისთვის კანონში ცვლილებებია საჭირო
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადით, კლინიკების გეგმიურად შემოწმებისთვის კანონში ცვლილებებია საჭირო.
მინისტრი გოგელიას კლინიკის ირგვლივ გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს. თქვენ იცით, რომ მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, გადაიგზავნება დოკუმენტები იმ შესაბამის უწყებებში, რომლებშიც შემდგომში რეაგირება უნდა მოხდეს. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ გადაგზავნილი იყო პროკურატურაში, ჩვენ მათ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ, ვინაიდან რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ველოდებით პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს შესაბამისი მანდატი, შეამოწმოს არამხოლოდ ამბულატორიები, კლინიკებიც, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია, შეიცვალოს წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, არამედ მოხდეს მათი საჭიროების, ასევე, მათი სამუშაოს დეტალური აღწერა და მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა, ასევე, ოპერირების დაწყება.
მოკვლევა დაიწყო გუშინ. ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ ყველა დეტალში გვინდა, ჩავიდეთ. ის გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულ იქნა, გადაგზავნილია პროკურატურაში და უკვე რეაგირება პროკურატურის მხრიდან უნდა მოხდეს. ყალბ სერტიფიკატზე რეაგირება სამინისტროს ვერ ექნება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც სამინისტროს აქვს დადგენილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში თანხა გადახდილი ჰქონდათ.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.