რაზე ისაუბრეს პლენარულ სხდომაზე – პარლამენტი ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის 19 ოქტომბრის პლენარული სხდომა, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, რის შემდეგაც კანონმდებლებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
“პარლამენტმა მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს ასევე კანონპროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ”, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, გაშენებასთან, აღრიცხვასთან, სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს.
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა ასევე შემდეგი კანონპროექტები: „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „სახელმწიფო ენის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
პარლამენტმა მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა კანონპროექტები: „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; ხოლო პირველი მოსმენით – კანონპროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტებზეც იმსჯელა, კერძოდ: „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)” №1 ცვლილების შეთანხმება”-ზე, „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)” №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება”-სა და „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)”, რომელთა შესახებ კანონმდებლებს ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მიაწოდა.
ამით პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. განხილულ საკითხებზე კენჭისყრა შემდეგი სასესიო კვირის პლენარულ სხდომაზე შედგება”, – აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.