“გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს”, – ბათუმის ყოფილმა ვიცემერმა, ზურა ბერიძემ ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ბერიძემ.
როგორც ბერიძე ამბობს, სამართალდამცველებს ის არ დაუკითხავთ.
ბათუმის ყოფილი ვიცემერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი დასრულდა. სამართალდამცველებმა ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.
გამოძიება, სავარაუდოდ, თბილისში დღეს გამთენიისას მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას ზურა ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს, მას სამართლებრივი დავა ჰქონდა არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. შატალოვა შვილის დაბრუნებას ითხოვდა.