აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 6 ათასზე მეტი საქმე მორიგებით დაასრულა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 6 ათასზე მეტი საქმე მორიგებით დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს და 2021 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.
“2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 6 285 ერთეული შემთხვევა შეადგინა; საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 95 შემთხვევა და, შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა; ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 325 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია; 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 4 632 მოქალაქეს; 2021 წლის სექტემბრის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 807 ერთეული ალიმენტიდან – დარეგულირებულია 3 977 საქმე.
მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.