ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

საუბარია მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე კორპუსზე, რომლის მდგრადობასაც დღეს ექსპერტები სწავლობდნენ.

ექსპერტების წინასწარი შეფასებით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, მიზეზი კი ამავე კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განაცხადებით, სამუშაოებზე ნებართვა მერიას გაცემული ჰქონდა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ დამტკიცებული პროექტის დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

ცნობისთვის, სახლი 5 სადარბაზოსგან შედგება. მე-5 სადარბაზო, რომელიც უშუალოდ ჩამონგრეულ სახლს ესაზღვრება, 8 ოქტომბერს დაიცალა. როგორც აბაშიძის 56 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, საუბარია სახლის გამაგრებაზე და ორშაბათს გადაწყდება, რა ფორმით მოხდება მისი გამაგრება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები