ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორი – ოქრუაშვილზე: ორი მოწმეა, ვინც ხელი დაადო და თქვა, მისგან მივიღე დავალებაო
ბუტა რობაქიძის საქმეზე, სადაც ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, დღეს საქალაქო სასამართლოში პატრულ-ინსპექტორი, შოთა ჯაფარიძე გამოიკითხა. მოწმის მტკიცებით, მას შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს და არც ჩხუბი ყოფილა.
საქმის პროკურორის განცხადებით, დაკითხული მოწმეებიდან ორია ისეთი, ვინც ჩვენებაში თქვა, რომ მათ დავალება ოქრუაშვილისგან მიიღეს.
“ოქრუაშვილის დავალების შესაბამისად მოხდა, რომ ამ შემთხვევებს მიეცა შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმის სახე პოლიციელების მისამართით, ასევე, მოხდა იარაღის ჩადება. რაც შეეხება უშუალოდ კავშირს ირაკლი ოქრუაშვილთან, ბუნებრივია, მმართველი რგოლის გათვალისწინებით, იმ პირების ნაწილი, ვისაც უშუალოდ შეხება ჰქონდა მასთან, დაიკითხა, ორია ასეთი მოწმე ვინც ხელი დაადო და თქვა რომ მისგან მიიღო დავალება”, – თქვა პროკურორმა.
დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და რეალურად არცერთი მტკიცებულება პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურას არ გააჩნია.