“უკრაინა სააკაშვილთან დაკავშირებით, ექსტრადიციის გარდა, სხვა სამართლებრივ ნაბიჯებს განიხილავს” – კულება
“უკრაინელი დიპლომატები მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან, ადვოკატებს მასთან წვდომა აქვთ, კონსულსაც – შეუზღუდავი წვდომა”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ბრიფინგზე.
“მიხეილ სააკაშვილთან ვამყარებთ მუდმივ კონტაქტს, ადვოკატებს აქვთ მასთან წვდომა, კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა. ჩვენ უკვე გვქონდა მასთან რამდენიმე საუბარი, სადაც ნათლად შევიტყვეთ მისი და ადვოკატების პოზიცია”, – თქვა მინისტრმა.
კულებას თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სწავლობს საქმის სამართლებრივ მხარეს და ირჩევს ალგორითმს, რომელიც გამოყენებული იქნება.
“მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში. ამიტომ, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რომელი გზით ვიაროთ, და ეს შეიძლება იყოს არამხოლოდ ექსტრადიცია, მაშინ შეგატყობინებთ ამის შესახებ”, – თქვა კულებამ.