აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 577 მლნ ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი” განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მომხსენებელმა კომიტეტებს დეტალურად გააცნო მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები, ფინანსური მაჩვენებლები და ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა ბიუჯეტის პროექტი.

ისაუბრა თითოეული სამინისტროს დაფინანსების თაობაზე. მან პროგრამების მიხედვით ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის თითოეული მიმართულებით გათვალისწილებული თანხების შესახებ. კერძოდ, სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის ნაწილში გამოყოფილია 54,5 მლნ ლარი, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების განხრით 84 მლნ ლარია გათვალისწინებული, ერთიანი აგროპროექტის ნაწილში გათვალისწინებულია 258 მლნ-მდე ლარი, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და მისი მოვლა-შენახვისთვის 92 მლნ ლარი დაიხარჯება, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დაფინანსება შეადგენს 18,2 მლნ ლარს.

დაცული ტერიტორიების სისტემის დაფინანსება 27 მლნ. ლარზე მეტია, სატყეო სისტემის დაფინანსებისთვის გამოიყოფა 9,8 მლნ ლარი, ხოლო მიწის მართვის და მიწათსარგებლობის მოინიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია 2,9 მლნ. ასევე, 3 მლნ ლარია გათვალისწინებული გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფინანსებაზე. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია.

სამინისტრო გააგრძელებს კომიტეტებსა და სამინისტროებთან მუშაობას და საბოლოო ვერსიაში მაქსიმალურად იქნება ასახული კომიტეტების და სამინისტროების წინადადებები. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. კომიტეტებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს იმ დათქმით, რომ შემდეგი განხილვისას გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები