ირაკლი ზარქუა: ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე და ეს სწორია
“ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე და ეს სწორია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.
მისი თქმით, ყველა დამნაშავეს ჰყავს მიმდევრები, რომლებსაც შეუძლიათ, საკუთარი აზრი დააფიქსირონ.
„მარტივად არის საქმე – დამნაშავე დაჭერილია და არის ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა მის სახელსა და გვარს და პოლიტიკურ მრწამსს. ყველა დამნაშავეს ჰყავს თავის მხარდამჭერები, მიმდევრები, ვისაც სჯერა, ვისაც არ სჯერა, ვისაც სჯერა, მაგრამ არ უნდა დაიჯეროს და ა.შ. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავის პოზიცია. ჩვენ დღიდან დაჭერისა, ვხედავთ აქციებს, ხან 7 კაცი, ხან 15, ხან 50 და ა.შ. ახლა არ ვიცი, როდის აქვთ დაანონსებული, მაგრამ სამართლებრივად, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით ყველას აქვს უფლება, აქცია მოაწყოს და კი ბატონო, მოაწყონ. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მონაწილეობაზე, ყველა მიხვდა, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტია და არ უნდათ გაიგივდნენ სააკაშვილთან და სწორია, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოებაში რეიტინგმა დაიკლო. რაც უნდა მცდელობა გქონდეს, შეუძლებელია, გააკეთილშობილო მწვალებელთა პარტია“, – განაცხადა ზარქუამ.