ნათია თურნავა – ბათუმში მომხდარზე: მოქალაქეებმაც მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ და ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე – შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გავაფართოოთ შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები. იგივე – მუნიციპალური ინსპექციების უფლებამოსილებები“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარი ყველასთვის გაკვეთილია.
„როგორც ჩანს, შესაბამისი ორგანოები მოკლებული იყო შესაძლებლობას, ჰქონოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს ესა თუ ის მოქალაქე თავის სარდაფში, თუ არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს. ამ შესაძლებლობის გარეშე, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავიგებთ. თითოეულ ადამიანს მეტი პასუხისმგებლობა და წინდახედულობა მართებს. ეს ყველასთვის გაკვეთილია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გავაფართოოთ შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები. იგივე – მუნიციპალური ინსპექციების, რათა მათ მეტი წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე და მოქალაქეებს – უფრო მეტი პასუხისმგებლობა. მოქალაქეებმაც მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ და ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე. შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.