მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა პირობა გაცემული, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელს შეუმცირებდა და შეიწყალებდა
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა პირობაგაცემული, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელს შეუმცირებდა და შეიწყალებდა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, სწორედ ეს გახდა სააკაშვილისთვის ამ საქმეზე ბრალის წარდგენის საფუძველი.
„თავის დროზე, გირგვლიანის მკვლელობის და წამების ამსრულებლები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ამ მძიმე დანაშაულის დამკვეთი და ორგანიზატორი, რომელიც იყო იმჟამად უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი, დათა ახალაია, მისთვის, რომ ხელი დაეფარებინათ, პრეზიდენტმა გასცა პირობა, შეიწყალებდა და შეუმცირებდა სასჯელს დანაშაულის ამსრულებლებს.
წინასწარ მიცემული პირობა, რომ ჩაიფარცხებოდა და დაიფარებოდა დანაშაულის ორგანიზატორი, გახდა სწორედ ის ბრალეულობა, რაზეც ჩვენ ვედავებით და არა ცალკე აღებულ შეწყალებაზე.
პრეზიდენტის უფლებაა ჯარის გამოყვანა, როცა ამის საჭიროებაა, მაგრამ როდესაც ამ უფლებას გამოიყენებ და მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირებ, ეს უკვე დანაშაული და უფლებამოსილების გადამეტებაა“, – განაცხადა სააკაშვილის საქმის პროკურორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.