პროკურორი: მუშებმა შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი
ბრალდების მხარეს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამივე პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით.
“გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით,” – განაცხადა პროკურორმა.