ნათია იოსელიანი: გადათვლის შედეგად, 121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა, თუმცა საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია

“ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით, 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა”, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის გადათვლის დეტალური სტატისტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამუშავების შემდეგ საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი და ცესკო-ს ვებ-გვერდზე იქნება ატვირთული.

“3 საარჩევნო ოლქში – დმანისში, წყალტუბოსა და მარტვილში ქვორუმი არ შედგა. შესაბამისად, აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ განხორციელდა. 68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალა, სადაც წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის, გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები, ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზების მიერ, რომელთაც გააჩნიათ არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე არჩევნების შემდეგ აქვეყნებენ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა, კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით. 9 ოქტომბრის მდგომარეობით, შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენებისა და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებდა და 5-ით აღემატებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები, 1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები. გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი მონაცემების 66,7%.

121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შემდეგ გამოვლინდა და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა.

შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საკუთარი ინიციატივით საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.

საერთო ჯამში, 9 ოქტომბრამდე გადათვლილია 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდაც კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა.

9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზე.

ამ დროისთვის, ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები