ვახტანგ გომელაური: ნანგრევებში 3 ადამიანს ვეძებთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ.
„სამწუხაროდ, 5 გარდაცვლილია ნაპოვნი. ისინი პროზექტურაში არიან გადასვენებულები. თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე სამ ადამიანს ვეძებთ. რაც ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, წესით, მეტი არ უნდა იყოს. იცით, რომ პასუხისგებაში მივეცით სამი ადამიანი – ბინის მეპატრონე და ორი პირი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდენ პირველ სართულზე“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მან მაშველებსა და ადგილზე მომუშავე ტექნიკის ოპერატორებს მადლობა გადაუხადა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილია. კიდევ 2 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.