ელენე ხოშტარია: მაკვირვებს კალიურანდის განცხადება – ფაქტია, სააკაშვილი ჩამოვიდა ისე, არცერთი მოწოდება, რომ “დამიცავით მე”, არ გაუკეთებია

“ფაქტია, სააკაშვილი ჩამოვიდა ისე,  არცერთი მოწოდება, რომ დამიცავით მე, არ გაუკეთებია. სახლში მარტო დახვდა პოლიციელებს და მშვიდად, გაღიმებული შევიდა ციხეში. ის შიმშილობს და იბრძვის თავისი უფლებებისთვის”, – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.

ხოშტარიას თქმით, კალიურანდის განცხადება მისთვის გასაკვირია.

„მაკვირვებს ქალბატონ კალიურანდის განცხადება, რომელიც საუბრობს საარჩევნო შედეგებზე ისე, რომ ჯერ არცერთი საჩივარი არ არის განხილული. შეუძლებელია, საბოლოო შედეგზე ვილაპარაკოთ საჩივრების განხილვის პროცესის გარეშე. ჩვენ თუ შევხედავთ, რომ არასამთავრობოების, ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნების მიუხედავად, გადათვლები არ მოხდება, საჩივრები არ იქნება განხილული, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა ექნება საარჩევნო პროცესს, რადგან არანაირი დარღვევის დაფიქსირებას აზრი არ აქვს, თუ შემდეგ ეს არ იქნება სათანადოდ განხილული ცესკო-სა და სასამართლოში. ნაადრევია მისი დასკვნები და ჩვენ ვხედავთ ამერიკელების, ოდირ-ის და არაერთ საერთაშორისო დასკვნას, რომელიც უმძიმეს დარღვევებზე საუბრობს. მე ვერ დავკავდები ანალიზით, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება, შემიძლია, ვთქვა პოლიტიკური შეფასება, როგორი ძალაუფლება აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორი ძალაუფლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინ არის კარგი და ვინ – ცუდი პოლიტიკოსი. ამაზე ყველას თავისი აზრი შეუძლია, ჰქონდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, არეულობას შეუწყო ხელი, თუ არ შეუწყო, და ფაქტია, ჩამოვიდა ისე, რომ არცერთი მოწოდება, რომ დამიცავით მე, არ გაუკეთებია. სახლში მარტო დახვდა პოლიციელებს და მშვიდად, გაღიმებული შევიდა ციხეში. ის შიმშილობს და იბრძვის თავისი უფლებებისთვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები