საქართველოს დღეს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა
საქართველო უკვე მეოთხედ უმასპინძლებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის, ადმირალ ბაუერის მეთაურობით. დელეგაცია დღეს ჩამოდის. გაიმართება ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა, რომელზეც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე. დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.