დავით ზალკალიანი: უკრაინის უფლებაა, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე, მაგრამ ვიდრე მსჯავრდებული სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდებოდა, იყო საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი

“ყველასთვის ცნობილი იყო, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდა, მყისიერად ამოქმედდებოდა საქართველოს მართლმსაჯულება“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა შესაძლოა, უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია.

„უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე, მაგრამ აქ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვიდრე მსჯავრდებული სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გახდებოდა უკრაინის მოქალაქე, ის იყო საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი. ის დანაშაულები, რომლებზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი და რომელთა გამოც მსჯავრდებულია, აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდა, მყისიერად ამოქმედდებოდა საქართველოს მართლმსაჯულება. ეს არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო. მგონი, მანაც მედიით შეიტყო მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის დატოვების შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარი უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. ეს ჩემი პირადი ვარაუდია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში გადაიჭრება, როგორც ჩვენს კანონმდებლობას შეესაბამება და მისი, როგორც მსჯავრდებულის, უფლებები დაცული იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები