მამუკა მდინარაძე: მარნეულში, სადაც სავარაუდო ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა, ვინც ამას აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრია
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მარნეულში პროვოკაციის მოწყობა სცადა.
მდინარაძემ მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
“მარნეულში პროვოკაციის მოწყობა ოპოზიციამ რამდენიმეგან მოახერხა. ამ საქმით დაკავებულები იყვნენ კახა კვეკვესკირი და ჯაბა ქამადაძე თუ საჯაია. ეს ორი ადამიანი ადმინისტრაციული გადაცდომის გამო დაკავებულები არიან, ამ ინციდენტების ეპიცენტრი 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე უბანი იყო. ამ უბანზე, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაუშვა კადრები, სადაც ჩანს სავარაუდო ჩაყრის ფაქტი. ეს ქალბატონი კი, რომელიც ამას აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრია, მისი სახელია იზოლდა ქველაძე. მე მას არაფერს ვაბრალებ და ყველაფერს გამოძიება დაადგენს, რომელიც ჩემი აზრით დასაწყებია. თუმცა ამ ტელევიზიამ დისკრედიტაცია მოახდინა და ეს ქალბატონი ჩვენს მხარდამჭერად გაასაღა. ჩვენ ასევე ვნახეთ ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა თანხის გადაცემა ხელიდან ხელში, ერთ შემთხვევაში ქმარმა ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე შემთხვევაში კი, პირიქით მოხდა, ბათუმში ცოლმა ქმარს გადააწოდა თანხა. ეს უტყუარად არის დადასტურებული.
საბოლოო ჯამში კი, ვხედავთ, რომ პროცესი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი იქ, სადაც პროვოკაციას ხელოვნურად არ აწყობენ. მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, რომ ბოლო წუთამდე იაქტიურონ. ამით ჩვენი გამარჯვების გარანტია გაიზრდება”,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.