შალვა პაპუაშვილი: გაავრცელეს ვიდეო, თითქოს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, სინამდვილეში, ქმარი ცოლს თანხას პროდუქტების საყიდლად აძლევს
პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ყალბსა და არასწორს უწოდებს საარჩევნო გადაცდომებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს.
„ხატია დეკანოიძეს ჰქონდა პრესკონფერენცია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით. არც ერთი ფაქტი არ დაასახელა, ერთადერთი ფაქტი იყო, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმყოფება ქუთაისში და მან ამას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უწოდა. ყველას შევახსენებ, მინისტრის მოადგილე არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და რა თქმა უნდა, მას აქვს სრული შესაძლებლობა ჩაერთოს პარტიულ საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ეს არის მათი სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილი იმ კუთხით, რომ ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი.
თბილისში ჩუღურეთის რაიონზე ასევე ყალბი ინფორმაცია გავრცელდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის მხრიდან, თითქოს 24-ე უბანზე სუს-ის თანამშრომელი იმყოფებოდა. ეს საკითხიც გადავამოწმეთ – საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელს, რომელმაც უბანზე საკუთარი მეუღლე ხმის მისაცემად მიიყვანა. მას მანქანაში ბავშვიც ჰყავდა.
„ლელოს“ კანდიდატმა თამარ ყორღანაშვილმა გაავრცელა ვიდეო, თითქოს საგარეჯოს მე-8 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას. სინამდვილეში იქ დაფიქსირებული ადამიანები არიან მეუღლეები და ქმარი ცოლს თანხას პროდუქტების საყიდლად აძლევს.
აბსოლუტური დეზინფორმაციაა, რომ თითქოს დმანში სუს-ის მობილიზება ხდება. არანაირი მობილიზება სუს-ის დანაყოფების დმანისში არ ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.