სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი: სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევნებზე, არ შეგვიმჩნევია
“ამ დროისთვის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ დამკვირვებელმა ლიეიტუვადან, რეინს ტოჩელოვსკმა განაცხადა.
მთელი დღის განმავლობაში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე მიდიან და თავად აკვირდებიან ხმის მიცემის პროცესს. დამკვირვებლები აგროვებენ ინფორმაციას, რომელსაც არჩევნების შემდეგ საკუთარ დასკვნებში ასახავენ.
“ამ დროისთვის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღეს 6 საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ და ვხედავთ, რომ არჩევნები კარგადაა ორგანიზებული. არ მომხდარა არანაირი ძალადობა და, ამასთან, დაცულია კოვიდრეგულაციები. უბნებს გარეთაც მშვიდი სიტუაციაა, არ ყოფილა პროვოკაციები”, – აცხადებს დამკვირვებელი ლიეიტუვადან, რეინს ტოჩელოვსკი.
ამასთან, უკრაინელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ სიტუაცია მშვიდია და სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევნებზე, არ შეუმჩნევიათ.
“სიტუაცია საკმაოდ მშვიდია, შესაძლოა, მთავარი პრობლემა იყოს, რომ 12 საათის შემდეგ ბევრი ხალხი მოვიდა ხმის მისაცემად, ზოგიერთი კომისიის წევრი კი, ვერ გაუმკლავდა სიტუაციას. მხოლოდ მინიმალური საჩივრებია დაფიქსირებული,”- აღნიშნავს დამკვირვებელი უკრაინიდან, ოლენა იურკინა.
“სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევნებზე, ჩვენ არ შეგვიმჩნევია,” – ამბობს ჯორჯ ჩიჟოვი, დამკვირვებელი უკრაინიდან.