საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, საბურთალოს ოლქის მე-14 უბანზე საარჩევნო პროცესს აკვირდება.
კარლ ჰარცელის თქმით, იმედი აქვს, რომ დღეს ამომრჩევლები ხმის მიცემას მშვიდ და უსაფრთხო გარემოში შეძლებენ.
„დღეს არჩევნების დღეა. ეს არის განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს არის დღე, როდესაც პოლიტიკოსები, კომენტატორები, აზრის შემქმნელები უნდა დუმდნენ და ამომრჩევლები გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს საარჩევნო ურნებთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და ბოლო 24 საათშიც ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლარიზაციის დონე რჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც სამწუხაროა. ერთ რამეზე ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, ეს არის ის, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მოსვლა და ხმის მიცემა. ასე რომ, იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც ჟურნალისტები შეძლებთ იყოთ უსაფრთხოდ და დაცულად თქვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.