შემდეგი სამი წელი უნდა იყოს სრული სიმშვიდის სამი წელიწადი „ნაცმოძრაობის“, არეულობის, ქაოსის, სააკაშვილის გარეშე და ამის პირობას ჩვენ ვდებთ ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აქცენტის გადატანა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პატიმრობიდან ოპერაციის დეტალებზე, ეს არის უსუსური მცდელობა, პარტიის მხარდამჭერებს დაავიწყონ, რომ მათი ბელადი დღეს დაპატიმრებულია.
„დღეს „ნაცმოძრაობა“ არის აბსოლუტურად მოშლილი, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ბელადი, რომელიც იმუქრებოდა ხელისუფლების გადატრიალებით დღეს არის დაპატიმრებული. დღეს ამ არჩევნებში არის ერთადერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება იყოს აქტიური და საბოლოოდ მსხვილი წერტილი დაუსვას „ნაცმოძრაობას“. შემდეგი სამი წელი უნდა იყოს სრული სიმშვიდის სამი წელიწადი „ნაცმოძრაობის“, არეულობის, ქაოსის, სააკაშვილის გარეშე და ამის პირობას ჩვენ ვდებთ ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.