ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ბჭისკარი მწერალ გონერი ჭეიშვილის სახელობის იქნება

ქუთაისის მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკის ბჭისკარი (თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან) მწერალ გონერი ჭეიშვილის სახელობისა იქნება. ამის შესახებ მწერალი გიზო თავაძე წერს “ფეისბუქის” გვერდზე.
„მადლობა, ჩემო გივი!
დღეიდან, ქუთაისის მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკის ბჭისკარი (თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან), მწერალ გონერი ჭეიშვილის სახელობისა იქნება საუკუნოდ…
მწერალმა (ჩემი თხოვნით), საკუთარი ხელით, სამი თვის განმავლობაში აჩუქურთმა ფიჭვის მასალა და თითით საჩვენებელი ქართული ბჭისკარი შექმნა.
გონერ ჭეიშვილი ცოტა ხნის წინათ ზეცის საუფლოში გადასახლდა და დაგვიტოვა ძვირფასი მემკვიდრეობა (რომანები, მოთხრობები, ნოველები).
მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ნოველა ჟურნალ „მწვანეყვავილაში” დავბეჭდე და იქვე მოვუხმე მხატვრებს დასახმარებლად…
ერთ-ერთი პირველი, დიდებული ადამიანი, მხატვარი გივი იობიძე გამომეხმაურა (სხვებიც შემეხმიანენ, არამხატვრებიც), რომელსაც სიჭაბუკიდან, 40 წელია ვიცნობ.
გივი იობიძე ცნობილი მხატვარი და დიზაინერია, მისი შექმნილი ჭაღი, რომელიც დიდ ხანძარს შეეწირა, ნაღდად ხელოვნების ნიმუში იყო.
დილითვე მეწვია, ბჭისკარი დაათვალიერა, აზომა, სურათი გადაუღო, რამდენიმე შეკითხვა დამისვა და გააგრძელა: გონერი და მე ერთად ვმუშაობდით, ბაილა (გონერის და) და ზურა (სიძე გონერისა) ჩემი კოლეგები არიან, ამიტომ ჩემს თავზე ვიღებ დაფის გაკეთებასო.
ერთ კვირაში მოიტანა, ერთად დავამაგრეთ და ერთად გავიხარეთ.
გონერის სულიც გავახარეთ“!”, – წერს გიზო თავაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები