სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი

თავდაცვის ძალებში რეკრუტირების სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი შეიმუშავა. პროექტის მიხედვით, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოხვედრის მსურველთათვის საქართველოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში პირველადი რეგისტრაციის სერვისი დაინერგა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრებმა – ჯუანშერ ბურჭულაძემ და რატი ბრეგაძემ მოაწერეს.

პროექტის მიზანია, თავდაცვის ძალებში მოხვედრის მსურველებს სერვისის მაღალი ხარისხი შესთავაზოს, რეკრუტირების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივოს და მოქალაქეებს მოქნილი პლატფორმა შესთავაზოს.

საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად, სრულწლოვან პირს შესაძლებლობა ექნება, გამარტივებული პროცედურით, მხოლოდ პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ტელეფონის ნომრის მითითებით, პირველადი რეგისტრაცია გაიაროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან, იუსტიციის სახელებიდან და საზოგადოებრივი ცენტრებიდან გადამისამართებულ ზარებს აერთიანებს. აღნიშნული სერვისით დაინტერესებული პირი ოპერატიულად მიიღებს ამომწურავ და სრულყოფილ ინფორმაციას სამხედრო საკონტაქტო სამსახურის, რეზერვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორი სამხედრო სამსახურში დარეგისტრირების მსურველს რეგისტრაციის გავლაშიც დაეხმარება.

ასევე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება სარეკლამო ბანერები და საინფორმაციო დაფები, საინფორმაციო მონიტორებზე კი, განთავსდება სპეციალური სარეკლამო ვიდეორგოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები