ირაკლი ქადაგიშვილი – მიხეილ სააკაშვილზე: კანონი აღსრულდება
“რა რეაქციაც უნდა ჰქონდეს ვინმეს შიგნით თუ გარეთ, კანონი აღსრულდება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საერთოდ, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებითა და პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და, მათ შორის, ანგარიშს ვუწევდით და ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს. თუმცა, ეს გზა მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობისთვის არ არის, როცა სხვა მხარე არ უწევს ანგარიშს ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას, საერთაშორისო პოზიციას და მაინც ჯიუტად ცდილობს, რომ თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკა კვლავ გაამძაფროს, ამას ოდესმე ლოგიკური დასასრული ექნება. გამომდინარე აქედან, ახლა არჩევანი ამ ბილეთს როგორი ექნება, ციხისკენ იქნება ეს ბილეთი თუ მორიგი „ფეიკი“ იქნება, ამ ბილეთის გამომდებზე არის დამოკიდებული”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.