კახა კალაძე: რომელ ჩვენგანს მოუშუშდა აფხაზეთის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა? ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

თბილისის მერი, კახა კალაძე, სოხუმის დაცემიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. კალაძის თქმით, ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოდან მისი განუყოფელი ნაწილის მოკვეთას.

„დრო იარებს არჩენსო, კი ამბობენ, მაგრამ, აბა, რომელ ჩვენგანს მოუშუშდა აფხაზეთის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა?

ქვეყანა, ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოდან მისი სისხლისა და ხორცის, მისი განუყოფელი ნაწილის მოკვეთას.

ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს…

სოხუმის დაცემა არის ოკუპაციის დაწყების დღე; ოკუპაციის, რომელიც გაორმაგებული სიმძიმით დღემდე აწვება ჩვენს მხრებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ აფხაზებიც, ქართველებიც, ყველა, ვინც ამ მიწა-წყალზე ვცხოვრობთ, რომ ჩვენს შვილებს არ გადავულოცოთ ამ სიმძიმის ტარება.

ჩვენმა თაობამ, გონივრულობით და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის სრულად გააზრებით, უნდა დაასრულოს ეს საშინელება. მხოლოდ მშვიდობა და ერთობაა ამ ოკუპაციისას დაღვრილი ქართველებისა და აფხაზების სისხლის ღირსეული საფასური. მშვიდობა და ერთობა- ჩვენი იდენტობის საერთო მტრის წინააღმდეგ.

ჩვენ გავიმარჯვებთ, ერთმანეთზე კი არა, გავიმარჯვებთ ერთად!“ – წერს კალაძე.

დღეს სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები