“ოცნების ქალაქის” მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირება დაიწყო

აჭარაში “ოცნების ქალაქის” მასშტაბური პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობამ, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ახალი ეტაპი უკვე მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

„ოცნების ქალაქში” დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასევე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები და გარე განათებები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.

უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც მეორე ეტაპის პროექტირებას განახორციელებს. კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთ”-ი „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე, განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს მოამზადებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ კომპანიის წარმომადგენლებსა და არქიტექტორებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროექტირების ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, თორნიკე კუჭავა და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

დღეისათვის, „ოცნების ქალაქის” პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, „ოცნების ქალაქის” სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელიბინის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

„ოცნების ქალაქის” მშენებლობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები