საქართველოში პირველად ძეგლი დაუშლელად გადაიტანეს – „აბულმუგის“ აბანოს უპრეცედენტო პროექტი

„აბულმუგის“ აბანოს გამაგრება და გადატანა – „საყდრისის კომიტეტის“, „არემჯი გოლდისა“ და „ბაგინეთი +“-ის – ამბიციური პროექტი წარმატებით დასრულდა. ეს პროექტი, პირველ ყოვლისა, უნიკალური იმითაა, რომ ნაგებობის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას დაუშლელად გადატანა საქართველოში აქამდე არასდროს მომხდარა. თანაც, საქმეში მხოლოდ ქართველი სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი. რადგან აქამდე არ არსებობდა მსგავსი პრაქტიკა და ეს ყველაფერი საქართველოში პირველად უნდა გაკეთებულიყო, სპეციალისტებს განსაკუთრებული შრომის გაწევა მოუხდათ. მთელს ამ პროცესს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის ის ფაქტი, რომ „არემჯი გოლდი“ და „საყდრისის კომიტეტი“ – ერთი მხრივ, ბიზნესი და, მეორე მხრივ, აქტივისტები – ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, ერთი საქმისთვის გაერთიანდენ. სანამ სამუშაო პროცესის შესახებ მოგიყვებით, მანამდე მოკლე ისტორიას შემოგთავაზებთ, თუ საიდან დაიწყო ყველაფერი.

„აბულმუგის“ აბანო 1977 წელს არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, როდესაც  ისტორიული დაბა აბულმუგის ტერიტორიაზე სახელმწიფო მუზეუმის არახლო-კაზრეთის ექსპედიცია მუშაობდა. „აბულმუგის“ აბანო   წარმოადგენს  გვიანი შუა საუკუნეებისთვის (XVII – XVIII  ს.ს.) დამახასიათებელ სპარსულ ნაგებობას. გათხრების დროს აბანოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსუდანის მონეტა, ასევე, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები (ინახება ეროვნულ მუზეუმში). ექსპედიციის მუშაობისას  ძეგლზე წყალგაყვანილობის სისტემებიც დადასტურდა. აბანოს ახლოს შესწავლილი იყო თონე, რომელიც აბანოს დანგრევის შემდეგ ყოფილა გამართული.

პირველი გამაგრებითი საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლზე გასული საუკუნის 1970-იან წლებში ჩატარდა, თუმცა, 2018 წლისთვის აბანოს მდგომარეობა საგანგაშო იყო.

„საყდრისის კომიტეტი“ „აბულმუგის“ აბანოს 2014 წლიდან იცავს. აქტივისტების  მოთხოვნით, 2018 წლის  ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა ძეგლზე  გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები.  2020 წლის აგვისტოში,  „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით,   „აბულმუგის“ აბანოზე დაიწყო არქეოლოგიური-გაწმენდითი სამუშაოები.  პარალელურად, „საყდრისის კომიტეტსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის მიმდინარეობდა  კონსულტაციები,  რათა  დროულად მომხდარიყო  ძეგლის მდგომარეობის შეფასება  შესაბამისი სპეციალისტების მიერ, შემდგომში ძეგლის გადარჩენისთვის ეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად.

ძეგლის ადრინდელი მდებარეობა და მდგომარეობა

კვლევა 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა.  კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად ძეგლზე ჩატარებული მთელი რიგი  ღონისძიებებისა, ძეგლის მდგომარეობა მაინც  სავალალო რჩებოდა.  გეოლოგიური დასკვნიდან ცხადი გახდა,  რომ ძეგლს საფრთხეს არა მხოლოდ ასაკი და მცენარეთა საფარი, არამედ – ის გეოლოგიური პროცესებიც უქმნიდა, რომელიც ძეგლის ტერიტორიაზე, მიწის ქანებში მიმდინარეობს.

2020 წლის ოქტომრიდან, „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით, კვლავ დაიწყო კონსულტაციები ძეგლის გადარჩენის კიდევ უფრო ქმედითი, მათ შორის, რადიკალური გზების მოსაძებნად.

ვინაიდან  „აბულმუგის“ აბანო მდებარეობს სამთომომპოვებელი კომპანია “არემჯი გოლდის”  საწარმოო ტერიტორიაზე, „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით, 2018-2020  წლებში  ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები  კომპანიამ სრულად დააფინანსა. ძეგლის დაცული ტერიტორია შემოღობილია, ასევე, დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერა, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს.

2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ძეგლის უმძიმესი მდგომარეობის გამო, დასაშვებად მიიჩნია, მისი გადარჩენის მიზნით, მომხდარიყო მისი უსაფრთხო ადგილზე გადატანა. „საყდრისის კომიტეტი“ პრინციპულ მოთხოვნას აყენებდა – ძეგლის ავთენტური წყობის შესანარჩუნებლად, გადაეტანათ ის დაუშლელად, რისი გამოცდილებაც საქართველოში აქამდე არ არსებობდა. შესაბამისი ნებართვების გაცემის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან დაიწყო ძეგლის გენერალური გამაგრება შემდგომში მის გადასატანად. მთელს ამ ოთხთვიან, რთულ პროცესში „საყდრისის კომიტეტი“, მონიტორინგის მიზნით, სრულად იყო ჩართული.

საბოლოოდ, 2021 წლის 18-19 აგვისტოს 134-ტონიანი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადატანა წარმატებით დასრულდა. შერჩეული ადგილმდებარეობა და მისი  ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, შესაბამისად,  ახალ გარემოში არ დარღვეულა ძეგლის შინაარსი და ხასიათი. ამჟამად, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და უახლოეს მომავალში ეს ადგილი ვიზიტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

საყდრისის კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძე იხსენებს, თუ რამდენ ემოციასთან, სირთულესთან, შრომასა და რისკთან იყო დაკავშირებული მთელი ეს პროცესი.

ნინო ბურჭულაძე

„ჩვენი ოპონენტი ამ საქმეში ბუნება აღმოჩნდა. ერთია, რომ ძეგლი 300 წლისაა, მაგრამ, ამასთან ერთად, პირდაპირ მიწაზე იდგა და გამოქარული იყო. შიგნით, კედლებში ხეები იყო ამოსული და ანგრევდა. ძალიან რთული მდგომარეობა გახლდათ. იდეაფიქსად გავიხადეთ, რომ რაღაცნაირად უნდა გადაგვერჩინა. ვინაიდან ნაგებობა ძეგლის სტატუსს ატარებდა და „არემჯი გოლდის“ საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა, კომპანიამ აფეთქების მუხტები დაწია, რათა ზიანი არ მიდგომოდა. ესეც საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო. რადგან მუხტები დაბალი იყო, კომპანია გეგმას ვერ ასრულებდა და ზარალზე მიდიოდა, თუმცა, ამაზეც შევთანხმდით. მიუხედავად ამისა, ბუნებრივი პროცესებს მაინც ვერ შევაჩერებდით.

სანამ გადატანის ინიციატივას დავაყენებდი, ძალიან ვყოყმანობდი. ვფიქრობდი, ამ წინადადებას არ დავეზარალებინეთ, მაგრამ მდგომარეობა იმდენად რთული იყო და გადარჩენის სურვილი იმდენად დიდი – მაინც გავრკისეთ. ვქვთით, რომ, იქნებ, ჯობდა, ფიქრი სხვა ღონისძიებებზე დაგვეწყო, მათ შორის, რადიკალურზე.

როცა საექსპერტო საბჭომ დასაშვებად მიიჩნია ძეგლის გადატანა, საჭირო გახდა ფინანსური სახსრების მოძიება. მხოლოდ ძეგლის გამაგრება-გადატანა 600 ათასი ლარი ჯდებოდა. პროექტის გაკეთება მანამდე 94 ათასი ლარი დაჯდა. ასე რომ, ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული. კიდევ ერთხელ გავრისკეთ და „არემჯის“ ვთხოვეთ, დაეფინანსებინა, რადგან მათ ტერიტორიაზე იყო. „არემჯიც“ დაგვთანხმდა და თანხის სრული მობილიზება მოახდინა.

ძალიან ვნერვიულობდით და ღამეები არ გვეძინა, განსაკუთრებით – ბოლოს, როცა გადატანაღა იყო დარჩენილი. საქართველოში ამ გამოცდილების მქონე ადამიანები არ იყვნენ, ამიტომ, უპრეცედენტო შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ვაკეთებდით იმას, რისი მაგალითიც არ გვქონდა. გაამართლა.

ძეგლი ახალ ტერიტორიაზე, გზასთან ახლოსაა. აქ მოეწყობა მოსასვენებელი ადგილი: სკამები, განათება, ტერასა და ა.შ. ჩვენი მიზანიც ეს იყო – მიგვენიჭებინა მისთვის ახალი სიცოცხლე და ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ბოლნისის მუზეუმი, სათხის მონასტერი და „აბულმუგის“ აბანო იქნება ის სამი დიდი წერტილი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა და ტურისტები ხშირად ესტუმრებიან,“ – აღნიშნავს ნინო ბურჭულაძე.

ორი დაპირსპირებული მხარის შეთანხმებასა და საქვეყნო საქმის კეთების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას „არემჯი გოლდის“ კორპორატიული დირქეტორი, კახა მჭედლიშვილი. მისივე თქმით, გამოცდილება, რომელიც ამ პროექტში ჩართულმა ადამიანებმა მიიღეს, მომავალში სხვა არაერთ პროექტს გამოადგება.

კახა მჭედლიშვილი

„მოგეხსენებათ, „საყდრისის კომიტეტი“ 2014 წლიდან დაჟინებით იცავს ამ ძეგლს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ყველა ჩვენგანისთვის გამოწვევა იყო და სერიოზულ რისკებს შეიცავდა. რომ არა „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივა, დაუღალავი შრომა და მუდმივი მონიტორინგი, ეს პროექტი ასეთი წარმატებით ვერ დასრულდებოდა, მაგრამ დღეს აქ ვართ და გვიხარია, რომ ვხედავთ „აბულმუგის“ აბანოს უფრო დიდებულს, უფრო ლამაზს და ისეთ ადგილზე გადმოტანილს, სადაც ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ის გამოცდილება, რაც პროექტის შემსრულებელმა კომპანია „ბაგინეთი+მა“ და, ასევე, „საყდრისის კომიტეტმა“ მიიღო, ქვეყანაში მრავალ სხვა პროექტს გამოადგება. არ იყო მარტივი პროცესი. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი შრომა და ინტელექტუალური რესურსი დასჭირდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის,  წლების განმავლობაში დაპირისპირებულმა მხარეებმა მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა და კონსტრუქციული მუშაობა ძეგლისა და ქვეყნის ინტერებიდან გამომდინარე. ყველაზე მეტად მე ეს მახარებს და იმედი მაქვს, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი იქნება. ჩვენ კიდევ ბევრ პროექტზე ვმუშაობთ, რომელთაც სამომავლოდ ერთად განვახორციელებთ. ჩვენ გვინდა ამ საქმის კეთება,“ – აცხადებს კახა მჭედლიშვილი.

საქმის საინჟინრო ნაწილის სირთულეს, გამოცდილების არარსებობის გარდა, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბაგინეთი+“-მა შენობის მოცულობა იცოდა, კომპანიის სპეციალისტებს დასადგენი ჰქონდათ ნაგებობის წონა და სიმძიმის ცენტრები, რათა ზუსტად განესაზღვრათ მისი გადატანისთვის საჭირო დეტალები. ეს ყველაზე რთული პროცესი იყო. სპეციალისტებმა გადატანის რამდენიმე პროექტი დაამუშავეს, თუმცა, ბოლოს მის ორ ნაწილად ტრანსპორტირებაზე შეჯერდნენ.

არჩილ ყიფიანი

„3D სკანირება გაკეთდა. დავადგინეთ მიახლოებითი მოცულობა, თუმცა, ვერ ვადგენდით წონას. ძირითადი დარბაზის წონად 96 ტონა დავთვალეთ. გადასატანად უფრო მეტი გავითვალისწინეთ და 120 ტონაზე დავიანგარიშეთ. როცა შენობა ავწიეთ, 101 ტონა იყო იმ ფილიანად, რომელიც დავუმატეთ. საძირკვლის ფილის მოწყობისას თითოეულ სანტიმეტრს აქვს მნიშვნელობა. ამწეს ოპერატორებმა ვირტუოზულად იმუშავეს. აწევის და გადატანის 90% მათი დამსახურება იყო.

ნაგებობის მეორე ნაწილს, საცეცხლურს რაც შეეხება, სიმძიმე 22 ტონა დავითვალეთ და 35 ტონაზე დავიანგარიშეთ. როცა ავწიეთ, 33 ტონა აღმოჩნდა, ანუ 2 ტონაში ვიოპერირეთ.

მსგავსი პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. ერთ შემთხვევაში, ადრე შენობა, უბრალოდ, ზემოთ აწიეს. მისი გადატანა არ მომხდარა. ჩვენს შემთხვევაში, „აბულმუგის“ აბანო 1 კილომეტრისა და 200 მეტრის მანძილზე გადავიტანეთ. გადატანის პროცესში მიწისძვრის ბალები შესაძლოა, 5-მდეც კი ავიდეს, ამიტომ, გზად თითოეულ კენჭზე გადავლა სახიფათოა. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, რომლის გამოყენებაც სხვა ძეგლებზეც შეგვიძლია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველებს შეგვიძლია ქართული საქმის კარგად კეთება: აქტივისტებს, ინჟინრებს, ბიზნესს და იმ მშრომელ ხალხს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ. ეს შენობა ახლა ბეტონის ფილაზე დგას, რომლის ქვეშაც 155 ლითონის რეგულირებადი საყრდენია ჩამარხული,“ – აღნიშნავს „ბაგინეთი +“- ის დირექტორი, არჩილ ყიფიანი.

მოკლედ, ამ საქმეს ბევრი უსახელო გმირი ჰყავს, თუმცა, მთავარი ისაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის მორიგი ძეგლი არ დავაკარგეთ. ის გადარჩა და მალე ახალ სიცოცხლესაც შეიძენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები