თინა ბოკუჩავა: ჯგუფს, რომელიც თავს დაესხა დმანისში ჩვენს მხარდამჭერებს, ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები – მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოძალადეების დაკავებას
„დღეს დმანისში მოხდა უმძიმესი ფაქტი, სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30-მდე აგრესიული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, მათი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯაა.
„დღეს დმანისში მოხდა უმძიმესი ფაქტი, სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30-მდე აგრესიული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები. კერძოდ, ჯგუფს ხელმძღვანელობდა წარსულშიც ძალადობრივ პოლიტიკურ აქტებში მონაწილე პირი, ზურაბ ოკმელაშვილი. ზურაბ ოკმელაშვილის შვილი მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში „ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერი. ამასთანავე დავით დაუთაშვილმა, ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა, მიხეილ დაუთაშვილის შვილმა ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს – არსებობს კადრები, უამრავი მოწმე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს მოძალადეების დაკავება. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალო თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ ასევე „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირებს, რადგან ისინი საკუთარი რიტორიკით, საკუთარი განცხადებებით, საკუთარი კამპანიით, ძალადობრივი პლაკატებით, ჟურნალისტებზე თავდასხმებით ახალისებენ ამგვარ ძალადობას და, შესაბამისად, ისინიც პასუხისმგებელნი არიან ამ მძიმე დანაშაულზე, რომელიც დღეს მოხდა დმანისში. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები მიხეილ დაუთაშვილის მხრიდან, რომელიც უარყოფს მისი შვილის იქ ყოფნას, მაგრამ ეს კადრებშია ასახული. თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც დარწმუნებულები ვართ არ აქვს კანონიერად. უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე, უნდა მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან და ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.