პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი დანაშაულები სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებითაა დადასტურებული.
„არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენები, მათ შორის, ისეთ საქმეებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საკითხიც გამხდარა. იმ პერიოდის ხელისუფლების გამო, საქართველო გამტყუნდა ადამიანის უფლებების მხეცური დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით. ამ ყველაფერში ბატონი ქარდავას მონაწილეობა არაერთი მტკიცებულებით, სარწმუნოდ შეგვიძლია, მივიჩნიოთ. ასეთი ფორმის განხეთქილებები დამახასიათებელია ისეთი ფორმის ავტოკრატიული სისტემებისთვის, როგორებიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, ბოლშევიკური მმართველობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სექტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.
რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან წერილი ქარდავამ გუშინ გაავრცელა.