საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 – დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის, სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მომზადება მოიცავს 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე.
აღნიშნული მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რაც შეეხებათ სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები