შემოსავლების სამსახურში საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება
13-17 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ამერიკული კომპანია NU Borders-ის წარმომადგნელები ეწვივნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერითა და NU Borders-ის მონაწილეობით, შემოსავლების სამსახურში საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში, EXBS და NU Borders წარმომადგნელები, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი“, ასევე, სამუშაო შეხვედრები გაიმართა საბაჟო და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან.
პროექტის ფარგლებში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპი არსებული სისტემის შეფასებას და გაუმჯობესებული შესაძლებლობების განსაზღვრას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპი კი ახალი გადაწყვეტილებების დანერგვას მოემსახურება. შემოსავლების სამსახურს, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაცემთა დამუშავებისა და ბიზნეს პროცესების წარმოების სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი და გამართული სისტემა ექნება.
ზემოაღნიშნული განახლებული სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის საბაჟო საქმიანობის ეფექტიანობას, დაიხვეწება და გამარტივდება საბაჟო პროცედურების წარმოება და რაც, მათ შორის, კერძო სეტორის წარმომადგენლების საქმიანობაზეც აისახება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.