თამარ ტალიაშვილი გალისა და ახალგორის რაიონების სკოლებში ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ფაქტს ეხმიანება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – თამარ ტალიაშვილი გალისა და ახალგორის რაიონების სკოლებში ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ფაქტს ეხმიანება.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში არის ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან.
“მოგეხსენებათ, რომ მშობლიურ ენაზე სწავლა არის ბავშვთა უფლებების კონვეციით დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება და, ასევე, საერთაშორისო ნორმებით დაცული პრინციპი. ძალიან შემაშფოთებელია, ის რომ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს პატარებს გალსა და ახალგორში ეკრძალებათ სწავლა. ეს შემაშფოთებელი გარემოება არის, რომლის შესახებაც ჩვენი ხელისუფლება უკვე აქტიურ კომუნიკაციაშია ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან.
ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ეს უფლება იყოს აღდგენილი”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.