გიორგი ცუცქირიძე: საშუალო საპროცენტო განაკვეთის 20%-მდე შემცირება არარეალურია და წინასაარჩევნო პიარტექნოლოგიად არის გამოყენებული

იმდენად მომხიბლავად მოჩანს 600 ათასი პენსიონერის ხმისთვის “ნადირობა”, რომ პარტია “მოქალაქეების” შემდეგ, ეს თემა ახლა “მესამე ძალად” გამოცხადებელმა ჯუნიორ ვაშაძემაც მოინდომა და გათვლებში ელისაშვილსაც კი გადაასწრო, როგორც თავად აცხადებს ბაზარიც შეუსწავლია და საპენსიო სესხების, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე გარანტირებული სესხის” საპროცენტო განაკვეთი , გარდაცვალების რისკის ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება რომელ ბანკშიც უნდა იქ აიღოს სესხი, საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 20%-მდე შემცირდება,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე განმარტავს საშუალო საპროცენტო განაკვეთის 20%-მდე შემცირება არარეალურია და წინასაარჩევნო პიარტექნოლოგიად არის გამოყენებული.

მისივე თქმით, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთებით სპეკულირება არადამაჯერებელი და პოპულისტურია.

“რაც უფრო ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, იზრდება დაძაბულობაც და დაპირებების სიხშირეც კიდევ უფრო იხრება აშკარა პოპულიზმისაკენ. გასაგებია, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ მათი შეთავაზებები რაც შეიძლება მიმზიდველად ჩანდეს და რაც შეიძლება დიდ აუდიტორიაზე იყოს მიმართული.

როგორც ჩანს, რეფერენდუმის იდეით შეპყრობილ ოპოზიციის ნაწილს, საპენსიო თემითაც სურს ყურადღების მიპყრობა, პენსიონერთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია და ელექტორალურადაც არანაკლებ მიმზიდველია ამ ველზე პოზიციონირება.

შეთავაზებების თემატიკა, რომ ბაზისური პენსიის ზრდას ან ამ ზრდის მექანიზმებს შეეხებოდეს, შეიძლება პოლემიკის საგანი გამხდარიყო და კიდევ გასაგები  იქნებოდა,  მაგრამ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთებით სპეკულირება ცოტა არ იყოს არადამაჯერებელი და პოპულისტურია.

იმდენად მომხიბლავად მოჩანს 600 ათასი პენსიონერის ხმისთვის “ნადირობა”, რომ პარტია “მოქალაქეების” შემდეგ, ეს თემა ახლა “მესამე ძალად” გამომცხადებელმა ჯუნიორ ვაშაძემაც მოინდომა და გათვლებში ელისაშვილსაც კი გადაასწრო. როგორც თავად აცხადებს – ბაზარიც შეუსწავლია და საპენსიო სესხების, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე გარანტირებული სესხის” საპროცენტო განაკვეთი , გარდაცვალების რისკის ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება რომელ ბანკშიც უნდა იქ აიღოს სესხი, საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 20%-მდე შემცირდება.

მე ნამდვილად გამიჭირდება, ამ პროცენტის გამოყვანის მეთოდოლოგიაზე მარჩიელობა, მაგრამ რამდენიმე განმარტებას მაინც გავაკეთებ.

1. საპენსიო სესხი გადის არაუზრუნველყოფილი სესხების კატეგორიაში, მიახლოებული სახელფასო სესხებთან როდესაც მსესხებელი კრედიტს იღებს ხელფასის მომსახურე ბანკში. თუმცა, მოქმედი რეგულაციებით ყველა სესხის(გარდა სალომბარდე სესხებისა) გაცემის მთავარი პირობა არის პირის შემოსავალი და არა უზრუნველყოფა, მით უმეტეს უგირავნო სესხებისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შინამეურნეობებზე გაცემულ 1000 ლარამდე სამომხმარებლო სესხებზე, 1 დან 2 წლამდე ვადით (ყველაზე უფრო მოთხოვნადი თანხა საპენსიო სესხებისთვის) ქართულ კომერციულ ბანკებში საშუალოდ მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში მერყეობდა 26. 46 %-27.66 % არეალში. აქვე განვმარტავ, რომ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, მაგრამ არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს და აღებულია ყველა ბანკის მიხედვით. შესაბამისად, ფინანსური ხარჯი მოიცავს, როგორც ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, ასევე სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის, სესხის გატანის საკომისიოს, სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს, და ა.შ.

2. ამასთან,  ქართულ საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები 60-65  წელს გადაცილებული ადამიანებისთვის დამატებითი წინაპირობებით გაიცემა. სესხის ამღები უნდა იყოს თვითდასაქმებული, ან ერიცხებოდეს თანხები მათთან და არა ლიბერთი ბანკში, ხოლო  უგირავნო სესხის მისაღებად მაქსიმალური ასაკი   72 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, სიცოცხლის დაზღვევა როგორც წესი წყდება 65 წლის ზევით დასაქმებული პირებისათვის.

3. თვით  წამყვან, მსხვილ კომერციული ბანკებშიც კი უგირავნო ერთწლიან სესხებზე 1000 ლარამდე სესხის  წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 24-25 % ია, რასაც ემატება რა სიცოცხლის დაზღვევის საფასური, სესხის გაცემის საკომისიო, სესხის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო, ანგარიშის მომსახურების საკომისიო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  ანუ რეალური  საკმაოდ მაღალ 45-47 % -ის დიაპაზონშია.

4. მართალია, შედარებით დაბალია,  ხელფასის საფუძველზე,  1000 ლარამდე სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი   9 -12 %, თუმცა ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე,  ეფექტური განაკვეთი 65 წლამდე ასაკის პირებისათვის აქაც 30-32 %-ის ფარგლებში მერყეობს. შედარებისათვის ვიტყვი, რომ “ლიბერთი ბანკის”  წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -30.45 პროცენტია.

აქედანაც ჩანს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება, რომელ ბანკშიც უნდა იქ აიღოს სესხი, საშუალო საპროცენტო განაკვეთის 20%-მდე შემცირება არარეალურია და წინასაარჩევნო პიარ ტექნოლოგიად არის გამოყენებული. ერთსაც დავამატებდი, პენსიის საფუძველზე დღესაც თავისუფლად არის შესაძლებელი სამომხმარებლო სესხის აღება ან სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა სხვა ბანკებში, თუ ხელშეკრულების საფუძველზე პენსიის ჩარიცხვა ამ ბანკში მოხდება”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები