ევროპარლამენტში უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დრო თავად უკრაინაზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში “უკრაინის მეგობართა ჯგუფიდან”, რომელიც არის ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალულაიდის სიტყვებზე პასუხი.
კერსტი კალულაიდმა Eurointegration-თან საუბარში თქვა, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს “კიდევ ოცი წელი დასჭირდებათ” ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების მისაღწევად, ხოლო ნატო-ში გაწევრიანების პირობა არის კონტროლის დაბრუნება ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმები უცვლელი რჩება.
ამის შესახებ Eurointegration წერს.
„ახალი წევრები უნდა ხელმძღვანელობდნენ ევროკავშირის პოლიტიკური ღირებულებებით, ერთიანი ეკონომიკური ბაზრის პრინციპებით და შეესაბამებოდნენ ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებს“, – ნათქვამია წერილში.
ევროპარლამენტარებმა გაიხსენეს, რომ უკრაინის სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოლო წლებში ყალიბდება ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.
“ნათელია, რომ უკრაინას ჯერ მოუწევს ასოცირების შეთანხმების სრულად განხორციელება და ეს არის გზა ევროკავშირისკენ. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, რეფორმების პროცესი მრავალ სფეროში და, როგორც ჩანს, უკრაინა თანახმაა, რომ ისინი შეუცვლელია. პოლიტიკური, სამართლებრივი სისტემის რეფორმები სხვადასხვა სახელმწიფო და ეკონომიკურ სფეროში, უკრაინის სასამართლოებსა და საჯარო ადმინისტრაციაში კორუფციასთან ბრძოლა კვლავ რჩება ცენტრალურ ამოცანად, რომელიც უნდა მოგვარდეს. უკრაინა არის რეფორმების გზაზე, მიღწევები გვახარებს და ჩვენ შემდგომი პროგრესის იმედი გვაქვს”, – აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.
ამასთანავე, აღნიშნავენ – “ცხადია, რომ, რეფორმების დაგეგმვასთან ერთად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როდის? როდის შეიძლება, ელოდოს უკრაინა ევროკავშირის სრულ გაწევრიანებას? ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, რომელიც ცდილობს, აირჩიოს საუკეთესო გრაფიკი რეფორმებისა და პროგრესის ტემპების შედეგების მიხედვით.”