აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელი “ოცნების” აქტივისტი და საოლქო კომისიის წევრია.
ზარქუა ფიქრობს, რომ ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია.
“დაახლოებით ნახევარ საათში ათზე მეტი ზარი განხორციელდა “ნაცმოძრაობის” ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას…
ახლა კარგად მომისმინეთ!
“ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ.
თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ “ლიდერშიპში” და ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ.
აქეთ კი სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი, რომ გამოერია.
ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას”, – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი დააკავა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავსტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.