„საჭესთან ნასვამობის გამო საგზაო შემთხვევა ხშირად ფატალურად მთავრდება, კანონმდებლობის გამკაცრებას მივესალმებით“ – ირაკლი იზორია

“ნასვამობა ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი ერთერთი მიზეზია, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე კანონმდებლობის გამკაცრებას მივესალმებით”, – ამის შესახებ ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა ის სამართლდარღვევაა, რომლის შემთხვევაშიც საგზაო შემთხვევა ხშირად ფატალურად მთავრდება.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამეტში უკვე მესამე მოსმენით გავიდა. იცით, რომ, დღევანდელი კანონმდებლობით, როცა ადამიანი საჭეს მართავს და მის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია, ეს დარღვევა 6 თვემდე მართვის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტით, დიფერენცირება იქნება. მაგალითად, 0,3-დან 0,7 პრომილემდე მართვის უფლების 6 თვით ჩამორთმევა რჩება. თუ ეთანოლი 0, 7 პრომილეზე მეტია, ამ შემთხვევაში, მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლით მოხდება.

ეს ცვლილება კარგია, მივესალმებით, რადგან ნასვამობა ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი ერთერთი მიზეზია, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ საჭესთან ნასვამობის ფაქტი 2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში დაახლოებით 8500-მდე იყო. ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა ის სამართლდარღვევაა, რომლის შემთხვევაშიც საგზაო შემთხვევა ხშირად ფატალურად მთავრდება.

კანონპროექტით, საჭესთან ნასვამობის მეორე შემთხვევაზე სანქციები უფრო მეტად გამკაცრებლია. თუ მანამდე მხოლოდ 700- ლარიანი ჯარიმა გვქონდა, ამ შემთხვევაში, მძღოლი როცა მეორეჯერ დაარღვევს კანონს და სიმთვრალის მდგომაროებაში მართავს ავტომობილს, მას 2000- ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. შემოდის ახალი ცნებაც – ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც 5-დან 15 დღემდე იქნება, ხოლო მართვის უფლების შეჩერების ვადა 1 წლამდე ხანგრძლივდება.

ნასვამობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა სერიოზულად მკაცრდება. ეს ძალიან კარგია, თუმცა, უკეთესი იქნება, თუ საჭესთან ნასვამობის პირველივე შემთხვევის დროს მართვის უფლების ერთწლიანი ჩამორთმევა მოხდება. აღნიშული ცვლილებები საინტერესოა დაკვირვებისთვის, თუ როგორ შეიცვლება მდგომარეობა. ამის შემდეგაც შეიძლება, საკანონმდებლო ცლილებეზე ვიფიქროთ“, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, საჭესთან ნასვამობის პრევენციის პროგრამების დანერგვაა აუცილებელი.

„მხოლოდ კანონის მიღება არ არის მთავარი, ამას ადმინისტრირება სჭირდება. ადმინისტრირება და სამართალდარღვევების გამოვლენა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ამასთან, ვფიქრობ, საქართველოში აუცილებელია ნასვამობის პრევენციის პოგრამების დანერგვა, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის. პარლამენტმა კანონპროექტი უკვე მესამე მოსმენით განიხილა.
60 დღეში ძალაში შემდეგი სანქციები შევა:

სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლში ეთანოლის შემცველობის მიხედვით, პირველ ჯერზე:

არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილე – მართვის უფლების 6 თვით შეჩერება. 0,7 პრომილეზე მეტი – 1 წლით შეჩერება. სიმთვრალის დადგენისთვის თავის არიდება – 1 წლით შეჩერება.

განმეორებით შემთხვევაში, დარღვევა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები