ფაშინიანი: საქართველოსთან რეგიონული კომუნიკაციების განვითარებას განვიხილავთ

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინინმა განაცხადა, რომ რეგიონში კომუნიკაციების გახსნის საკითხით მტკიცედ არის დაინტერესებული.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების 5-წლიან პროგრამაში ხაზგასმულია, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ან ნორმალიზება იქნება სომხეთის ხელისუფლების მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო.

“როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრის პოსტზე ხელახალი არჩევის შემდეგ, მე უკვე მოვახერხე ირანში ჩასვლა და დღეს საქართველოში მივემგზავრები. რეგიონული კომუნიკაციების განვითარება სერიოზულ როლს თამაშობს როგორც ირანთან, ასევე, საქართველოსთან განხილული საკითხების დღის წესრიგში და ამ კონტექსტში მე მნიშვნელობას ვანიჭებ “ჩრდილოეთ-სამხრეთის” პროექტს”, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარკინიგზო კავშირის დამყარება რუსეთსა და ირანთან.

“ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი და მზად ვართ, ძალისხმევა არ დავიშუროთ კონკრეტული შედეგების მისაღწევად, გავაცნობიეროთ, რომ ბაქო ასევე ცდილობს ნახიჩევანთან კავშირის დამყარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ერევანს სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის აღდგენის იმედი აქვს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები