ავღანეთში ქალებს ისეთ სპორტულ თამაშებში ეკრძალებათ მონაწილეობა, რომლის დროს მათი სხეული “დაშვებულზე” მეტად გამოჩნდება
ავღანეთში ქალებს კრიკეტსა და სხვა ისეთ თამაშებში მონაწილეობა აკრძალეს, რომლის დროს მათი სხეული იმაზე მეტად გამოჩნდება, ვიდრე ამის უფლებას ისლამური ნორმები იძლევა.
ამის შესახებ “თალიბანის” მთავრობის კულტურის საკითხთა კომისიის უფროსის მოადგილემ, აჰმადულა ვასიკმა განაცხადა.
კრიკეტი ავღანეთში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა, მათ შორის, ქალებში.
“არ ვფიქრობ, რომ ქალებს კრიკეტის თამაშის უფლება მიეცემათ, რადგან ამის საჭიროება არ არის. თამაშის დროს მათ შეიძლება, შეექმნათ სიტუაცია, როდესაც მათი სახე და სხეული დაფარული არ იქნება. ისლამი არ აძლევს ქალებს ამის უფლებას,” – თქვა ვასიკმა SBS-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, “მედიის ეპოქაში” მოთამაშე-ქალები შეიძლება, მოხვდნენ ფოტოსა და ვიდეოზე, რასაც მრავალი უცნობი ადამიანი ნახავს.
“ისლამი და ავღანეთის ისლამური საამირო არ აძლევს ქალებს უფლებას, ითამაშონ კრიკეტი ან დაკავდნენ სპორტის სხვა სახეობით, სადაც ისინი შიშვლები არიან”, – დასძინა ვასიკმა.